„კლინიკა ბომონდში“ დადასტურებული კოვიდ 19-ით ამ დროისათვის 52 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკას 16 პაციენტი დაემატა. ახალი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში აჭარიდან გადმოიყვანეს. კლინიკის სტაციონარში მოთავსებულ პაციენტებს შორის 12 ბავშვი და ორი ორსულია. პაციენტებიდან რამდენიმე მათგანს აღენიშნება პნევმონია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ერთ-ერთი ხანდაზმული, 78 წლის ქალბატონი, რომელსაც თანხმლები დაავადებები აქვს. კლინიკაში ასევე იმყოფება კორონავირუსზე 5 საეჭვო პაციენტი, რომლებიც ინფიცირებულების კონტაქტებს წარმოადგენენ. აღნიშნულ პირებს უკვე ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა და ამ ეტაპზე კვლევის შედეგებს ელოდებიან.
„გასული ღამის განმავლობაში კლინიკას ასევე მომართა მშობიარემ, რომელსაც სამშობიარო ტკივილები უკვე დაწყებული ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ 40 კვირის ორსული, 23 წლის გოგონა კოვიდდადებითი პაციენტის კონტაქტს წარმოადგენდა, კლინიკებმა უარი უთხრეს მიღებასა და მშობიარობაზე. უნდა ითქვას ისიც, რომ მშობიარეს ერთხელ უკვე ჰქონდა ჩატარებული პისიარ კვლევა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა ინფიცირებულთან ახლო კონტაქტის გამო, საკონტროლო კვლევა ჩაუტარდა, რომლის პასუხიც გოგონას მშობიარობის დროისთვის არ იყო ცნობილი. გოგონამ ჩვენს კლინიკაში იმშობიარა ფიზიოლოგიური გზით. დაიბადა ჯანმრთელი ნაყოფი. დედა და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. დღეს დილით ცნობილი გახდა კვლევის პასუხი და დედას კორონავირუსი არ დადასტურდა,“- ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.