“ქვეყანაში კოვიდპანდემიის დაწყების მომენტიდან “კლინიკა ბომონდი”-ს გუნდი ჩართულია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
საწყის ეტაპზე ვერაგი ვირუსი ჩვენთვისაც, ისე როგორც მთელ მსოფლიოსთვის ერთგვარად უცხო იყო, თუმცა არც ერთ ჩვენგანს არ გვიფიქრია სახლში წასვლასა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმაზე.
თვეებია ვიბრძვით პანდემიის წინააღმდეგ. შევძელით ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, თუმცა გვქონდა მძიმე დღეებიც, როდესაც ვმარცხდებოდით სიკვდილთან ბრძოლაში.
არ გვიწუწუნია კლინიკაში გადათენებულ მძიმე ღამეებზე, ხშირ შემთხვევაში კვირების განმავლობაში უნახავ ოჯახის წევრებზე-მშობლებზე.
არ გვიფიქრია დასვენებაზე, როდესაც ვხედავდით რომ ჩვენ ვიყავით უამრავი ადამიანის ოჯახის იმედი და მათ იმედს ვერ გავუცრუებდით.
სამწუხაროა, რომ დღეს კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების უმრავლეობა ვაქცინირებული არ არის.
“კლინიკა ბომონდი” დასავლეთ საქართველოში ერთადერთი კლინიკაა, რომელიც კოვიდდადებით და კოვიდზე საეჭვო ორსულებს, ასევე, სხვადასხვა პროფილის მძიმე პაციენტებს იღებს.
არ არის არც მარტივი სანახავი და მითუმეტეს გასაძლები იმის ყურება, ვირუსისგან როგორ იტანჯებიან პაციენტები.
არავის ვუსურვებთ იმის ცქერას, რაც რეანიმაციულ განყოფილებაში ხდება.
უმორჩილესად გთხოვთ!
ჩვენი რესურსიც ამოწურვადია, ამიტომ გთხოვთ, დაგვიდექით გვერდით-ჩაიტარეთ ვაქცინაცია, შეასრულეთ სპეციალისტების მითითებები, რადგან თუ თქვენ არ დაგვეხმარებით, თუ ერთმანეთს არ დავეხმარებით, შესაძლოა უბრალოდ ვეღარ შევძლოთ თქვენი ოჯახის წევრების დაცვა, ვერ გადავარჩინოთ თქვენი მშობლები, დედმამიშვილები, შვილები, მეუღლეები და უბრალოდ თქვენთვის საყვარელი ადამიანები.
Covid-19 ვირუსისგან წართმეულ თითოეულ ადამიანს ჩვენს გულს ვატანთ.
ყველას გისურვებთ სიკეთეს და ჯანმრთელობას. დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე,”- ნათქვამია მედიკოსების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.