მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მისი კარი ღიაა.
,,ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის კუთვნილება, კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველა აქტორს, აუცილებელია მათი ჩართულობა ამ პროცესში”- თქვა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება “ზედმიწევნით” მუშაობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე:
,,ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული და ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით ვმუშაობთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ზედმიწევნით. საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, თაობების არჩევანი და ოცნება, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი და ღირსეული წევრი, ამ გზაზე ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
,,იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის მოვუტანეთ და არ იყო შემთხვევითი. ამას წინ ძალიან დიდი შრომა უძღოდა და ძალიან ბევრი სამუშაო, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასწია”- თქვა პრემიერმა.