,,მოგონება, რომელსაც უცრემლოდ ვერ ვიხსენებ. ?
მალე, ახალი წიგნიც იქნება ” ციხე დედამიწა” <3
ზვიადის პირველი ლექსების წიგნი ” აკალუსის ხურმა”
“აკალუსი” – ზვიადის მოგონილი სიტყვაა და მარტოობის ქვეყანას ნიშნავს.
ეს წიგნი დაკაბადონებული ქონდა, სანამ ჩვენ დავქორწინდებოდით. მხოლოდ დაბეჭდვა იყო საჭირო, წიგნი იყო მზად ყველანაირად.
ისეთი ბედნიერი იყო, მისი პირველი წიგნი სტამბიდან რომ გამოიტანა.
ჩვენი შეგროვილი თანხით დავბეჭდეთ, ნაწილი თანხა კი ვალად ავიღეთ. ძალიან მეშინოდა, რომ არ გაიყიდოს და ვალი ვერ დავფაროთქო.
პირველი წიგნი დიდი ტირაჟით დაიბეჭდა.
ასე თავიდან ოცნებებით დავიწყეთ, ბევრი ვიაქტიურეთ, მაგრამ მკითხველი ერთეული იყო.
არასოდეს მინანია ეს ნაბიჯი. ძალიან მალე გავითავისე როგორი აუცილებელი იყო ზვიადისთვის.
ასე დაიბადა 7 წიგნი…
“აკალუსის ხურმა”
“უცხო”
“შავი კარნავალი”
“ტკივილები”
“ნოტების სახლი”
“ყორნის ეფექტი”
“თავში დამწყვდეული”
პირველი ლექსების წიგნით შევაღეთ კარი ციხეში, მოვაწყვეთ საღამო პატიმრებისთვის. ჩემთვის ეს ყველაზე ამაღელვებელი, შთაბეჭდილებით სავსე დღე იყო…
ყველა პატიმრის ფრაზა მახსოვს.
ამდენი რკინის კარების გაღება-ჩაკეტვის ხმებმა სუნთქვა გამიძნელეს, თითქოს ჰაერი არ იყო. ლექსებს ყველა გულდასმით უსმენდა, თავიდან ყველა გარინდული იყო. მე არ ვიცი პატიმრები როგორ შეარჩიეს, 15 პატიმარი დაესწრო ამ საღამოს. ერთი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
რამდენიმე ლექსის წაკითხვის მერე:
ხმა ისმის:
–კაცი მოვკალი, 17 წელი მომისაჯეს, 8 წელი დამრჩა.
დუმილი.
მერე მახსოვს თვალები დავხარე… რომ შემეძლოს მისი სახის ყველა ნაკვთის და ნაოჭის აღწერა…
კაცი მოკლა გულში გავიფიქრე…
მაგრამ ეს თვალები ახლა სხვანაირად იხედებიან, ეს ხელები? ამ ხელებით? დანით, ცემით, იარაღით თუ როგორ მოკლა?
თქვენც რომ ჩაგეხედათ მის თვალებში, თქვენც ჩემსავით გული დაგიმძიმდებოდათ, მაგრამ ამ გულმა რა ქნას, თუკი ჯერა, ეს კაცი აღარ ჩაიდენს მსგავს დანაშაულს?
მე მჯერა… მე ვენდობი ….
მერე ყველანი გალაღდნენ…
“ყველა დანაშაულისთვის ვზივართ, არავინაა დაზღვეული, ვის რა მოელის, ვინ რას ჩაიდენს…”
“მადლობა, რომ ადამიანებად ჩაგვთვალეთ”
იქედან სულ სხვა აზროვნებით გამოვედი.
ეს იყო ყველაზე ემოციური შეხვედრა.
ჩაკეტილ სივრცეში, ზვიადის წიგნები ყველას დავურიგეთ.
ციხის ბიბლიოთეკაც გავამდიდრეთ მსოფლიო ლიტერატურით.
…
გადის დრო…
ქუჩაში…
–ზვიად, ზვიად! გამარჯობა, მე ერთ-ერთი პატიმარი ვარ, თავისუფალი ვარ!.” – წერს სოციალურ ქსელში სალომე ასათიანი, მეუღლის, პოეტის, ზვიად მეფარეს შესახებ.