„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ხელისუფლება ქუთაისის მოსახლეობას დაეხმაროს, საჭიროა, ტურისტული ზონა შეიქმნას და ადგილობრივ ინვესტორებს მიწის ნაკვეთები გადაეცეთ.
როგორც ვაშაძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქალაქი ინვესტიციის გარეშეა დარჩენილი. მისი თქმით, ქუთაისში მოქმედი სასტუმროები და ჰოსტელები 2021 წლამდე გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ.
„კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობაა ქუთაისში, შემოსავლის წყაროდ შემორჩენილი ჰქონდა ტურიზმი, მაგრამ ეპიდემიის გამო შეჩერდა. ხელისუფლებას ერთი წუთი არ უფიქრია ამ ადამიანების კეთილდღეობაზე. 3 500 სასტუმრო და ჰოსტელია და აქედან მხოლოდ 500-ია გახსნილი. ქალაქმა დაკარგა 90 მილიონის მოგება. იმისთვის, რომ მივეხმაროთ, საჭიროა ტურისტული ზონის შექმნა და მიწის ნაკვეთების გადაცემა ადგილობრივი ინვესტორებისთვის, ამასთან, მოქმედი ობიექტები უნდა გათავისუფლდეს 2021 წლამე გადასახადებისგან. ეპიდემიასთან გამკლავება კარგია, მაგრამ ეკონომიკური კოლაფსის ფონზე, რას აკეთებს ეს ხელისუფლება? არც არაფერს და მიზეზი არის ის, რომ ოლიგარქიულ რეჟიმზეა ჩამოკიდებული და არ აინტერესებს მოქალაქის ბედი. ქუთაისის მძიმე მდგომარეობა აისახება იმერეთზე და მთლიან საქართველოზე. ხელისუფლების შეცვლისა და ეკონომიკური რეფორმების გარეშე, ვერაფერი გადაგვარჩენს”, -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.