“ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ ოპოზიციის ლიდერების დაჭერის სერიები დაიწყო”-განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წევრებმა გააკეთეს.
ისინი გიგი უგულავას დაჭერას გამოეხმაურნენ და ოპოზიციის ლიდერს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათი თქმით, მომხდარი ივანიშვილის წინასაარჩევნო გეგმის ნაწილია.
“სრული მხარდაჭერა გვინდა გამოვუცხადოთ გიგი უგულავასა და მის პოლიტიკურ სპექტრს, რადგან ოპოზიციის ლიდერების დაჭერა არ შეიძლება იყოს მხოლოდ კონკრეტული პარტიის დასჯისათვის გამიზნული. ეს არის მზადება იმისთვის, რასაც გეგმავს ოლიგარქი საარჩევნოდ,”-განაცხადა ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის წევრმა, ნინი თვალავაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლები ივანიშვილს მოუწოდებენ, გაითვალისწინოს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ამერიკელი კონგრესმენების შეშფოთება და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისათვის მოემზადოს.
ბრიფინგზე ასევე ისაუბრეს „გაბედეს“ წევრს მიხეილ გეგეშიძის დაჯარიმებაზეც, რომელიც 3 თებერვალს, საპროტესტო აქციის დროს ქუთაისის მერიის წინ წარწერების გაკეთებისთვის 500 ლარით დააჯარიმეს. ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის განცხადებით, ჯარიმის დაკისრება ახალგაზრდების დაშინების მცდელობაა.
“3 თებერვალს ახალგაზრდებმა გავაკეთეთ აქცია და ქალაქის მერსა და გუბერნატორს არსებული უსამართლობისა და შერჩევითი სამართალის დაგმობა მოვთხოვეთ. ასევე, მოვითხოვეთ განემარტათ, რა გეგმები აქვთ ქუთაისთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის გამო 500 ლარით დამაჯარიმეს,”-ამბობს მიხეილ გეგეშიძე.
“ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, იჭერენ და ასამართლებენ ოპოზიციის წევრებს. ეს ხდება დაშინების მიზნით, მაგრამ ყველას ვერ დაგვაშინებენ. პროტესტი გაგრძელდება. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გიგი უგულავას, მის დაჭერა არ არის გამიზნული მხოლოდ ერთი პარტიის წინააღმდეგ, ეს არის გაფრთხილება და მზადება იმისთვის, რასაც ოლიგარქი საარჩევნოდ გეგმავს. მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს, გაითვალისწინოს საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება და ნუ წავა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან “რუსული ოცნება” დღეებს ითვლის”, – განაცხადა ორგანიზაციის წევრმა ნინი თვალავაძემ.
“გაბედეს” წევრები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.