ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ყასაბი უწოდა. ასეთი განცხადება მან ვარშავაში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რას ფიქრობს ის პუტინზე, ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ ბაიდენმა განაცხადა “ის ყასაბია”.
ბაიდენმა ასევე თქვა ისიც, რომ მსგავს ადგილებზე ადრეც იმყოფებოდა და მას ყოველთვის აოცებდა ადამიანის სულის სიძლიერე და სიღრმე.
“თითოეული აქ მყოფი ბავშვი ითხოვს, რომ ვილოცოთ მისი მამისთვის, პაპისთვის, ძმისთვის, რომელიც იბრძვის, და მე მესმის, როგორია, როცა ვიღაც საომარი მოქმედებების ადგილზე გყავს, ყოველდღე დგები და ლოცულობ რომ არ დაგირეკონ მათ ამბავზე,” – აღნიშნა ბაიდენმა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი მსგავსი სიტყვებით მოიხსენია. ჯო ბაიდენმა მას უკვე უწოდა სისხლიანი დიქტატორი, ავაზაკი და ომის დამნაშავე.