„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ნადირაშვილი უმრავლესობას მოუწოდებს, ხელი მოაწერონ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნასთან დაკავშირებულ მიმართვას.
ნადირაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა მმართველი პარტიის დეპუტატები „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ საუბრისგან თავის შეკავების გამო გააკრიტიკა.
„15 და შეიძლება ჩემი მეტი კოლეგა „ქართული ოცნებიდან“ გამოვიდა განცხადებით და ყველაფერზე გველაპარაკა – როგორ დაფრინავენ პეპლები ამ ქვეყანაში, როგორ იფურჩქნებიან ვარდები, რა საამურია ამ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ არცერთს არ გიხსენებიათ „პატრიოტთა ალიანსი“ და მათთან დაკავშირებული პრობლემები. თუ თვლით, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა მომგებიანია, ეს ასე ნამდვილად არაა, მაგრამ გასაგებია, რატომაც იქცევით ასე. საკუთარი კუდის მოჭრა არ შეგიძლიათ. ეს ადამიანები არიან თქვენი შემოყვანილი პარლამენტში, მთლიანად თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ საქართველოს პოლიტიკაში არსებობს ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ატარებს კრემლის ინტერესებს. ესაა თქვენი შექმნილი პრობლემა და თუ ეს ასე არაა, „ევროპული საქართველო“ დღეს ვაყენებთ ინიციატივას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ ხელმოწერებით და საკმარისია პარლამენტის 30 წევრის ხელმოწერა და არჩევნებიდან „პატრიოტთა ალიანსის“ მოხსნა მოვითხოვოთ. ჩვენი 20 ხელმოწერა იქნება და მივმართავ უმრავლესობას, დაამატოს დანარჩენი ხელმოწერები და თუ ეს გუნდი არაა თქვენი გაგრძელება, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოხსნან არჩევნებიდან“, – განაცხადა ნადირაშვილმა.