საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, სოფელ ჩუმლაყში ფერმერებს შეხვდა.
მთავრობის მეთაური ფერმერების საჭიროებებით დაინტერესდა და მათ იმ სახელმწიფო პროგრამებზე ესაუბრა, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროს მხარდასაჭერად ხორციელდება.
პრემიერმა ინფორმაცია მიიღო ატმის მოსავლის შესახებ.
ფერმერებმა აღნიშნეს, რომ მოსავლის დაბინავების პროცესში შეფერხება არ ჰქონიათ. უკვე ექსპორტირებულია 25 ათას ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 7.6 ათასი ტონით (41%), ხოლო ღირებულება – 7.9 მლნ აშშ დოლარით (51%) გაიზარდა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს წარმატება სოფლის მეურნეობის განვითარების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით რეგიონში არაერთი შემნახველი და სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსავლის დაბინავებას.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე სეზონზე კახეთის რეგიონში 41 მაცივარი ფუნქციონირებს. ამასთან, რისკებისგან ფერმერების მაქსიმალური დაზღვევის მიზნით, გრძელდება მუშაობა ბაზრების დივერსიფიცირებაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში, გაცემულია 3 მლრდ ლარზე მეტი შეღავათიანი კრედიტი; სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ 440 მლნ ლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2014 -2021 წლებში დაზღვეულია 110 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, ხოლო ფერმერებისათვის ანაზღაურებული ზარალი 56 მლნ ლარს აღემატება.
პრემიერ-მინისტრისა და ფერმერების შეხვედრა სოფელ ჩუმლაყში ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სამაცივრე მეურნეობაში გაიმართა, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა.
ჯამურმა ინვესტიციამ 800 000 ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 550 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. სამაცივრე მეურნეობაში 300 ტონამდე ხილის შენახვაა შესაძლებელი. ატმის და ვაშლატამას მოსავლის აღების სეზონის დაწყებიდან დღემდე, ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობიდან 800 ტონა მოსავლის რეალიზაცია უკვე განხორციელდა.
პრემიერი ფერმერებს ესაუბრა დარგის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალშიც განაგრძობს მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტის მხარდასაჭერად, რაც გულისხმობს, როგორც ფერმერთა და აგრობიზნესით დაინტერესებულ პირთა საგრანტო დახმარებას, ასევე სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას სისტემური პროგრამების განხორციელების გზით.
ფერმერებთან შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გურჯაანში, სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს ოლქში დავით სონღულაშვილი, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი.