ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული გ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 334 საბრძოლო ვაზნა, 2 მჭიდი და „ეფ1“-ის ტიპის ხელყუმბარა.
ზესტაფონში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 157 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.