იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს, რეგიონის მასშტაბით საპილოტე პროექტებისთვის შერჩეული ლოკაციები დაათვალიერებინა.
რეგიონის მასშტაბით ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპილოტე პროექტების შერჩევა. წარდგენილი 55 პროექტიდან მოხდება რამდენიმეს არჩევა და შესაბამისად განხორციელდება მათი რეაბილიტაცია. საპილოტე პროექტებს ადგილზე ეცნობა სამუშაო ჯგუფი. საპილოტე პროექტების განხილვისა და მოწონების შემთხვევაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, შემდეგ ეტაპზე იმსჯელებს პროექტების დაფინანსებაზე.
საპილოტე პროექტის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს: ტურისტულად მიმზიდველი ახალი ლოკაციების შექმნა, ქალაქის ისტორიული და ცენტრალური ნაწილის მოწესრიგება, მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროექტი, სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, დასასვენებელი სივრცეების მოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია და სხვა მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ურბანულ განვითარებასა და მოდერნიზაციას.