იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში, თერჯოლასა და ხარაგაულში იზოლაციაში მარნეულიდან 54 ადამიანი გადაიყვანეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 54-დან 28 მოქალაქე თერჯოლას-გზის სამშენებლო სამუშაოებზეა დასაქმებული, ერთი ყაზარმული ტიპის შენობაში ცხოვრობს და მათ იზოლაციას თვალყურს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადევნებენ. მათ ერთი პასუხისმგებელი ექიმი მიამაგრეს, რომელიც ყოველდღიურად დააკვირდება ამ პირებს და თუ ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომები დაუფიქსირდებათ, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
იმერეთის ოთხ საკარანტონი ზონაში ამ დროისთვის 385 მოქალაქეა მოთავსებული. აქედან საჩხერეში 58 მოქალაქე, საირმეში 218, „წყალტუბო პლაზაში“ კი 92 მოქალაქე იმყოფება. წყალტუბოს ყოფილი სამხედრო სანატორიუმის საკარანტინე სივრცეში 17 მოქალაქე რჩება. გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთში თვითიზოლაცია 23 პირმა დაასრულა, და ამ დროისთვის თვითიზოლაციაში სულ 384 მოქალაქეა.
კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 70 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 9 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
imedinews.ge