იმერეთი ტურისტებისათის მიმზიდველი ადგილებით გამოირჩევა. რეგიონში ბევრი ადგილია, რომელიც გულგრილს არც ერთ მნახველს არ ტოვებს. აღსანიშნავია რომ სწორედ იმერეთში მდებარეობს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტად მონახულებადი პრომეთეს მღვიმე.
დღეს კი “მეგა ტვ” ტურისტულად გამორჩუელ კიდევ ერთ ლამაზ ადგილს გააცნობთ, რომელიც ბაღდათში მდებარეობს, ეს ხანის ჩანჩქერია.
ხანი მაღალმთიანი სოფელია და ხშირად „იმერეთის ხევსურეთსაც“ უწოდებენ. მის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში მდებარეობს ყველაზე წყალუხვი და მაღალი ჩანჩქერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
ჩანჩქერი დაახლოებით 25–30 მეტრი სიმაღლისაა. მზის სხივებზე წყლის წვეთები ცისარტყელას ფერებში გადადის და უმშვენიერეს სანახაობას ქმნის. ჩანჩქერის მახლობლად მდინარე კლდეში ჩადის და რამდენიმე მეტრის შემდეგ კვლავ ამოდის. ამის გამო ადგილობრივები აღნიშნულ ადგილს „ქვახვრელიად“ მოიხსენიებენ.
ხანის ჩანჩქერს ასევე უწოდებენ საქუხარას, ოქროს ჩანჩქერს. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 800 მეტრზე.
აქვე ახლოს, მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს, ჩანჩქერის სამხრეთით რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, ერთ-ერთ ნასოფლარში, რომელსაც ქვედა ნოღა ჰქვია ზღვის დონიდან 950 მეტრზე წარმოდგენილია რამდენიმე ტონიანი ლოდები, ერთ-ერთ ლოდში გამოკვეთილია გამორჩეული ფორმის მქონე ქვის საწნახელი, რომელიც სამი განყოფილებისაგან შედგება და ქვის უბადლო ოსტატების მიერ დაახლოებით შუა საუკენებში არის დამუშავებული. ლოდის გარშემო შეინიშნება ქვის დამუშავების კვალიც. ლოდის სიმაღლე დაახლოებით 1,8-2,0 მეტრია, სიგრძე კი 3,5 მეტრი, ხოლო სიგანე 4 მეტრს აღწევს. ქვის საწნახელში არის ამოკვეთილი ხვრელი, საიდანაც სავარაუდოდ გადმოედინებოდა დაწურული ღვინო, იქვე არის ქვევრის ნაწილი დუღაბით შემორჩენილი.
ამ ულამაზეს ადგილამდე მანძილი ქუთაისიდან 56 კმი-ია და სოფელ ხანში ჩასასვლელეად მანქანით ერთი საათი დაგჭირდებათ, თავად ჩანჩქერამდე ავტომობილით მისვლა ცოტა რთულია თუმცა ფეხით სავალი გზა 15 წუთს არ აღემატება.
ბაღდათში მოსახვედრად ქუთაისის ავტო სადგურიდან (ჭავჭავაძის გამზირი # 67) მარშრუტები დილის 8 საათიდან, 18:00 საათამდე ყოველ ერთ საათში გადიან, მგზავრობა 2 ლარი ღირს.
ავტორი: გიგა ლელაძე