ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ჯგუფმა, “იდენტობა და დემოკრატია” ილონ მასკი ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლეს ჯილდოზე წარადგინა. ამის შესახებ Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, “იდენტობა და დემოკრატიამ” ევროპარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი, სადაც მასკის კანდიდატურის შესახებაა საუბარი.
გარდა ამისა, როგორც Politico წერს, ”იდენტობა და დემოკრატიის” დოკუმენტში ნახსენებია მასკის გადაწყვეტილება, ე.წ. Twitter-ის ფაილების გასაჯაროებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაილები მოიცავდა წინასწარ შერჩეულ დოკუმენტებს იმის შესახებ, თუ როგორ ამუშავებდა სოციალური მედიის პლატფორმა პოლიტიკური პოსტების წაშლის მოთხოვნებს.
“ეს კი მიუთითებს გამოხატვის თავისუფლების პრინციპის დაცვას”. – განაცხადა ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ჯგუფმა.
“სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის” მოიცავს 50 000 ევროს ღირებულების პრიზს. გასულ წელს იგი უკრაინელ ხალხს გადაეცა.
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასკი ამ ჯილდოს მიიღებს, რადგან ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ყველა პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები ერთად შეარჩევენ გამარჯვებულს ამ წლის ბოლოს”. – წერს Politico.