საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიების კუთხით კვლავ იკვეთება არაერთი კრიტიკული ხარვეზი“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, რჩება კითხვები გამოძიების ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის შესახებ.
„2020 წელს, სახალხო დამცველის აპარატმა, ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, განაგრძო განახლებული გამოძიების მასალების გაცნობა. აპარატის წარმომადგენლებმა საქმის მასალების შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ გამოძიების კუთხით კვლავ იკვეთება არაერთი კრიტიკული ხარვეზი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს 4-წლიანი წყვეტის შემდეგ, ხელახლა დაიკითხა მნიშვნელოვანი მოწმე კ. თ., რომელიც 2016 წელს მიცემულ ჩვენებაში აღწერდა, რომ 2013 წლის 14 დეკემბრის ღამეს, საკნის ღრიჭოდან დაინახა, როგორ გაიარეს მისი საკნის წინ ივანე მერაბიშვილმა და პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა (სავარაუდოდ სხვა პირებთან ერთად).
ამ ჩვენებასთან დაკავშირებით 2020 წლის 17 დეკემბერს ჩატარებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ მოწმეს მართლაც შეეძლო დაენახა საკნიდან პირთა მნიშვნელოვანი მახასიათებლები. ექსპერიმენტის ფარგლებში, დერეფანში გაიარა მისთვის აბსოლუტურად უცნობმა პირმა, ხოლო კ. თ.-მ სწორად აღწერა მისი გარეგნობისა და ჩაცმულობის სხვადასხვა დეტალი. კ.თ.-მ ვერ ამოიცნო ექსპერიმენტში მონაწილე პირი, რომელმაც დერეფანში ჩაიარა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს პირი მისთვის უცნობი იყო და ამოცნობა ამიტომ გაუჭირდა, ხოლო ციხის მაშინდელ დირექტორს და ივანე მერაბიშვილს კარგად იცნობდა და მსგავსი ექსპერიმენტის ფარგლებში მათი ამოცნობა არ გაუჭირდებოდა. ექსპერიმენტმა დამატებით დაადასტურა ივანე მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ფაქტის სარწმუნოობა. საანგარიშო პერიოდში, ივანე მერაბიშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე ორი კომუნიკაცია წარადგინა, სადაც მთავრობის მიერ გატარებული ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები შეაფასა. აღსანიშნავია, რომ მერაბიშვილის საქმეზე 2021 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებაში მინისტრთა კომიტეტმა სახალხო დამცველის შეფასებები გაიზიარა. ინდივიდუალური ღონისძიებების ნაწილში კვლავ აღნიშნა, რომ რჩება კითხვები გამოძიების ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის შესახებ“, – ნათქვამია ანგარიშში.