იაპონიაში, ჰიროშიმას, ფუკუოკას, საგას, ნაგასაკის, კუმამოტოს, ოიტისა და კაგოშიმას პრეფექტურაში ხელისუფლებამ ძლიერი წვიმის გამო ამინდის საფრთხის ყველაზე უმაღლესი დონე გამოაცხადა და ფართომასშტაბიანი ევაკუაციის რეკომენდაცია გასცა. საშიში რაიონები 3 მილიონამდე ადამიანმა უნდა დატოვოს. ინფორმაციას NHK ავრცელებს.
ჰიროშიმას პრეფექტურის ადმინისტრაციის განცხადებით, გამოცხადებულია საფრთხის უმაღლესი დონე, რადგან მოსალოდნელია, რომ წვიმამ, შესაძლოა, გამოიწვიოს “გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს”. ქალაქ კიტაჰიროშიმაში, იაპონიის ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, სამ საათში 140 მმ ნალექი მოვიდა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი ამუშავდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, გადაუღებელი წვიმები იაპონიაში სავარაუდოდ კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება.