ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ „ნამახვან ჰესის“ კრიტიკა სამ ძირითად ასპექტს მოიცავს.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, ეს ასპექტებია: ზოგადად ჰესების წინააღმდეგ აგორებული კამპანია „არა ჰესებს,“ ქსენოფობიური, უცხოელი ინვესტორის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა და უშუალოდ პროექტის სტრუქტურასთან დაკავშირებული კრიტიკა.
„მე მაინტერესებს აქ შეკრებილი აუდიტორიისგან, იზიარებს თუ არა ვინმე ამ სამი სეგმენტიდან პირველ ორს, ანუ ემხრობა თუ არა ვინმე ზოგად ანტიჰესების კამპანიას და იზიარებს თუ არა ვინმე ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას. თუ ამას ვინმე იზიარებს, მათთან სასაუბრო არაფერი გვაქვს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, ზოგადი მოძრაობა „არა ქართულ ჰესებს“ დამაზიანებელია ეროვნული ინტერესებისთვის.
„რაც შეეხება ქსენოფობიურ გამონათქვამებს და შუღლის ენას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა, მით უფრო მიუღებელია, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს, ევროატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოს თურქეთს“, – აღნიშნა მინისტრმა.
ეკონომიკის მინისტრმა მოუწოდა ყველას, ვინც კრიტიკულ აზრს გამოთქვამს პროექტთან დაკავშირებით, მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება ამ ორი უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი.
„გთხოვთ კონკრეტულად დააფიქსიროთ – იზიარებთ თუ ემიჯნებით და თუ ემიჯნებით, მაშინ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კამათიც და შეთანხმებაც ნებისმიერ კონკრეტულ საკითხზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას თქმით, „ნამახვან ჰესი“ გამოიმუშავებს 1.5 მლრდ კვ/სთ-ს, რაც ნიშნავს დღევანდელი იმპორტის ტოლფასს მოცულობას. როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს არის 833 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია საქართველოს პოსტკოვიდურ ეკონომიკაში და 2000-მდე დასაქმებული ადამიანი.
„საკუთარი ენერგეტიკული რესურსის განვითარება გადის რამდენიმე მსხვილ ჰესზე, რომელსაც ექნება საშუალება, წყალსაცავების მეშვეობით შეინახოს წყალი და ენერგოსისტემაში ე.წ. მარეგულირებელი როლი შეასრულოს ანუ მიაწოდოს მომხმარებელს სიმძლავრე არა სეზონიდან და კლიმატური ფაქტორებიდან გამომდინარე, არამედ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად დასჭირდება ჩვენს სისტემას და დისპეტჩერს. ასეთებია – რიონის აუზში „ნამახვან ჰესი“ და „ონი ჰესი“.
ამასთან, ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე საფუძვლიანად შესწავლილი პროექტი, მათ შორის, ცნობილი უცხოური კონსულტანტების მიერ,-აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს უსმენენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.