შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი,1972 წელს დაბადებული, ე.მ. დააკავეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
“გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2000 ლარი გასტაცა.
ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით გასროლა განახორციელა,რა დროსაც პოლიციელებმა ის განაიარაღეს და დააკავეს”, – წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.