ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები დღეს ბაზაზე შეიკრიბნენ. საუბარი სამომავლო გეგმებსა და სავარაუდო ინვესტორებს შეეხო.
ფეხბურთელებს კლუბის პრეზიდენტი თემურ ჩეჩელაშვილი შეხვდა.
მისივე თქმით, ფეხბურთელებს ვარჯიში ჯერ არ განუახლებიათ, თუმცა ბაზაზე იმყოფებიან.
„სიახლე ჯერჯერობით არაფერია. შეიკრიბნენ, ყველა ჩამოვიდა. გვქონდა შეხვედრა. ვისაუბრეთ შინაურულად, რა გვჭირს, როგორაა ჩვენი საქმე, რა გვეშველება. ჯერჯერობით ფეხბურთელები ბაზაზე არიან, მაგრამ საბოლოოდ არ მიუღიათ გადაწყვეტილება. ბოლოს მითხრეს, ვიქნებით ბაზაზე, მოვიფიქრებთო. ჯერ ვარჯიში არ დაუწყიათ. როგორც წინაზე აღვნიშნე, კვების საკითხი უკვე მოგვარებულია. რაც შეეხება სპონსორს, ვინც გამოჩნდა, ყველამ წაიღო მონაცემები, ხომ უნდა გადახედონ ამ მასალებს, დაამუშაონ. ველოდებით პასუხს. 19-ში ბიჭებს თამაში აქვთ წყალტუბოში. აუცილებელია ვითამაშოთ. ესენი თუ არ ითამაშებენ, მაშინ მეორე გუნდი უნდა გამოვიყვანოთ, რასაც ჰქვია „ტორპედო 2“ , სხვა გზა არ არის. იმიტომ რომ თამაშის ჩაშლამ შესაძლოა გუნდის დაქვეითება გამოიწვიოს. ამიტომ ყველა ვარიანტში ვითამაშებთ. ვნახოთ, ესენი ითამაშებენ, აქედან ვინმე ითამაშებს, თუ მეორე გუნდი გამოვა, ჯერჯერობით ეს არ აქვთ გადაწყვეტილი. ამიტომაც დარჩნენ დღეს ბაზაზე, მოვიფიქრებთო,“- აცხადებს თემურ ჩეჩელაშვილი.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ მორიგი თამაში 19 ოქტომბერს, წყალტუბოს გუნდთანაა ჩანიშნული.
კლუბი კი კრიზისის გამო, დაშლის პირას იმყოფება. გუნდიდან წასული და გუნდში დარჩენილი ფეხბურთელები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.
pia.ge