თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურა დატოვეს.
თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, გამოძიებისგან მიიღეს თანხმობა, რომ გარკვეული პირები ხელახლა დაიკითხებიან.
„დღეს არაფერზე არ მიმიღია პასუხი. მწყემსის შვილის დაკითხვა არ მომეწონა, ადრე ფორმალურად იყო დაკითხული და მოვითხოვეთ ხელახლა დაკითხვა როგორც მისი, ასევე სხვა პირების და ამ მოთხოვნაზე მივიღეთ თანხმობა. საქმის დამატებითი დეტალების გაცნობა დღეს ვერ მოვასწარი”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
მისივე თქმით, გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება და შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
„დღეს მოვითხოვე მუხლის გადაკვალიფიცირება და მითხრეს, რომ ექსპერტიზის პასუხს ველოდებით დღის ბოლოს და მაშინ გადაკვალიფიცირდებაო”, – განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 – დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.