ქაბულის აღების შემდეგ თალიბანმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. ტელეკამერების წინაშე დაჯგუფების პრესსპიკერი ზაბიჰულა მუჯაჰიდი გამოჩნდა.
პრესსპიკერმა სცადა დაერწმუნებინა ხალხი, რომ ქვეყანაში სიმშვიდე დაისადგურებს და თალიბანი არ აპირებს, შური იძიოს თავის მოწინააღმდეგეებზე.
“ჩვენ არ გვჭირდება შიდა ან გარე მტრები” – განაცხადა მუჯაჰიდმა.
მისივე თქმით, 15 აგვისტოს თალიბანი არ გეგმავდა ქაბულში შესვლას და ძალაუფლების გადაცემის მშვიდობიანი პროცესი სურდათ, თუმცა დამხობილი ხელისუფლება არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა:
“ქაბულში შესვლა მოგვიწია, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველგვეყო”.
თალიბანის მიერ ავღანეთის აღების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი კითხვა ქალთა უფლებებს ეხება. მუჯაჰიდი ირწმუნება, რომ დისკრიმინაცია არ იქნება, თუმცა ამატებს, რომ ქალთა უფლებები შარიათის კანონების ფარგლებში იქნება.
“ჩვენ არ გვსურს პრობლემები საერთაშორისო საზოგადოებასთან… უფლება გვაქვს ჩვენი რელიგიური პრინციპების შესაბამისად ვიმოქმედოთ. სხვა ქვეყნებში სხვა მიდგომები წესები და რეგულაციებია”, – ამბობს თალიბანის პრესსპიკერი.
იგი ამტკიცებს, რომ ქალებს შეეძლებათ მუშაობა და განათლების მიღება მათი ჩარჩოების ფარგლებში.
რაც შეეხება მედიას, თალიბანის პრესსპიკერი აცხადებს, რომ კერძო მედიებს დამოუკიდებლად და თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცემათ.
20 წლის წინ როცა ავღანეთს და ქაბულს თალიბანი აკონტროლებდა ქვეყანაში მკაცრი წესები მოქმედებდა. ქალებს განათლებისა და მუშაობის საშუალება არ ეძლეოდათ, დაჯგუფების წევრები კი ადამიანებს ქუჩაში კლავდნენ და საჯაროდ “სჯიდნენ”. იმ პროვინციებშიც, რომელიც თალიბანს აქამდეც ეკავა, გოგოებისთვის სკოლები დაკეტილი იყო.