„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში საბანკო სფეროში დასაქმებულებს შეხვდა. შეხვედრას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი და „ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საუბარი შეეხო ქუთაისთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ტურიზმსა და მცირე ბიზნესზე, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საბანკო სექტორთან. შეხვედრისას ასევე განიხილეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.
ზაზა ლომინაძის განცხადებით ქუთაისში საბანკო სფეროში დასაქმებული ადამიანების მოსმენა, მათი შეხედულებების და იდეების გაზიარება ქალაქის სამომავლო განვითარების საქმეში აუცილებლია.
„ყველა სფეროს წარმომადგენელს ვხვდები, ვისმენ მათ მოსაზრებებს, იდეებს, პრობლემებსა და გამოწვევებს რის წინაშეც დღეს ქალაქი დგას. მიხარია რომ ბევრი მნიშვნელოვანი იდეა გაჟღერდა ამ შეხვედრებზე. მათი გათვალისწინება სამომავლოდ უკეთესობისკენ შეცვლის სხვადასხვა სფეროს მუშაობას ქუთაისში. მე ჩემის მხრივ მაქსიმალურად ჩავერთვები ამ საკითხების მოგვარებაში. ყველა მნიშვნელოვანი თემა გაჟღერდება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან და მე ვიქნები ყველა ჩემი თანაქალაქელის ხმის გარანტი პარლამენტში,”-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე უკვე შეხვდა სპორტის, კულტურის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.