რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით ჩატარდება სამხედრო სწავლება, რომელშიც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების, ასევე წყნარი ოკეანის ფლოტისა და საჰაერო-სადესანტო ძალების 150 000 სამხედრო მოსამსახურე, 26 000-მდე სამხედრო ტექნიკა, 414 საფრენი აპარატი და 106 საზღვაო ხომალდი მიიღებს მონაწილეობას.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, სწავლების ფარგლებში უნდა შეფასდეს ჯარის შესაძლებლობა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, სადაც „სერიოზული ტერორისტული საფრთხეები არსებობს“ და ასევე დაიწყოს მზადება „კავკასია-2020“-სთვის, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი.