ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 5 პაციენტის წყარო არის საკონდიტრო „დონა“, 14 პაციენტის ინფიცირება დაკავშირებულია ბათუმთან, 18 პირი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა, 4 პაციენტის ინფიცირება უკავშირდება აჭარაში მოგზაურობის ისტორიას, ინფიცირების 3 შემთხვევა არის შემოტანილი, საიდანაც 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 5 არის სამედიცინო პერსონალი, ხოლო 8 პაცინეტის წყარო ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი 100 ათას კაცზე გაიზარდა და 10.2-ს შეადგენს.
„57 პაციენტიდან 25 პაციენტის წყარო არის აჭარა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტებით. ბოლო ორი კვირის მონაცემებით, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით 100 ათას მოსახლეზე ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი გახლავთ 10.2. აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი არის 52.9, ანუ 100 ათას მოსახლეზე ავადობის რიცხვი.
გამოჯანმრთელებულების ციფრი 9-ით გაიზარდა გახდა 1334, ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი არის 73. კოვიდცენტრებში მკურნალობს 469 პაციენტი. აქედან კრიტიკულად მძიმე გახლავთ 4 პაციენტი, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა არის 18, დანარჩენების საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, ეზუგბაიას ინფორმაციით კლინიკაში 1 კრიტიკულად მძიმე, ხოლო 1 მძიმე პაციენტი რჩება.
„ჩვენთან გუშინ იყო 22 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყოლია, ახალიც არ შემოსულა. 22-დან 1 კრიტიკულად მძიმე პაციენტია და 1 მძიმე“,- განაცხადა ეზუგბაიამ.