COVID-19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირები ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან.
პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და კენჭისყრით მიიღო „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა გაიტანა.
პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის დეკრეტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ დარღვევის გამო, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული იზოლაციის ანდა კარანტინის წესის დარღვევის, პირბადის ტარების წესის დარღვევის და საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო დაეკისრათ შესაბამისი პასუხისმგებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის „ამნისტიის შესახებ“ კანონშიც, რომლის მიხედვითაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ის პირები რომლებმაც დაარღვიეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იზოლაციის ანდა კარანტინის წესი, ან საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმი.