მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სესხის ოდენობა 200 000 ლარი იქნება და სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს.
მისივე თქმით, ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის თანადაფინანსება სესხის პროცენტის ნახევარი იქნება, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის – 2/3
„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბოლო წლების განმავლობაში იქცა ძალიან მძლავრ ბერკეტად მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე მოსახლეობის დახმარების.
მას ემატება კიდევ ახალი კომპონენტები. პირველი ქვეპროგრამა არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხები, რომელიც გავრცელდება თითოეულ ოჯახზე, რომელსაც 1-ელი სექტემბრის შემდეგ ეყოლება ახალშობილი და ყოლის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში შეუძლია მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს ახალი საცხოვრებელი სახლი.
200 000 ლარის ოდენობის სესხი იქნება თანასუბსიდირებული. იმ ოჯახებისთვის, ვისაც შეეძინება შვილი, თანადაფინანსება იქნება თითქმის ნახევარი – თუ 12%-ში აიღებენ სესხს, 6% იქნება სახელმწიფოს მიერ დასუბსიდირებული.
თუ საუბარია მესამე, მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე, ამ შემთხვევაში თანადაფინანსება იქნება გაცილებით მეტი, დაახლოებით 8% და ეს ოჯახი 4%-ში აიღებს იპოთეკურ სესხს იმისთვის, რომ გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები. ჩვენ ამ თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განვახორციელებთ.
მეორე კატეგორია, რომელიც ავტომატურად მოექცევა ამ პროგრამის მოქმედების ქვეშ, არის ის ოჯახები, ვისაც 3 ან მეტი შვილი ჰყავთ.
მათაც ავტომატურად შეეძლებათ ისარგებლონ ამ პროგრამით, ახალი წევრის შეძენის გარეშეც. ვისაც ჰყავს 3 ან მეტი შვილი, 1-ელი სექტემბრიდან შეუძლია შემდეგი 12 თვის განმავლობაში მიმართოს საბანკო დაწესებულებას, გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები. აქაც ჩვენ 2/3-ს საბანკო პროცენტის დავუსუბსიდირებთ, ანუ დაახლოებით 4%-იანი სესხი იქნება“, – განაცხადა თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ