ექსპო ჯორჯიას პავილიონთან, სადაც დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ტარდება, “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფის წევრებს დაემუქრნენ, – ამის შესახებ “მთავარის” ჟურნალისტი დავით ერაძე აცხადებს.
“პირდაპირ შემოგვითვალეს “უბნის საძმოს” დანაბარები, რომ ჩვენ აქ ვერაფერს მოვახერხებდით, და ეს ხდებოდა მანამ, სანამ მე ზეპირი ჩართვა მქონდა “დღის სტუმრის” წამყვანთან, ხოლო როცა მე მოვინდომე მათი ნახვა, არცერთი არ დამხვდა ადგილზე, მაინტერესებდა, რა შემონათვალი უნდა ჰქონოდათ და რა უნდოდათ”, – თქვა დავით ერაძემ “დღის სტუმარში” ჩართვის დროს.
შეგახსენებთ, ექსპო ჯორჯიაში რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ტარდება. ის ვეტერანი მორაგბეების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს – ვეტერან და მოქმედ მორაგბეთა რიცხვი, ვინც ექსპო ჯორჯიასთან ირაკლი აბუსარიძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, ათასს აჭარბებს. პარალელურად, პავილიონთან მობილიზებულია პოლიციის უპრეცენდენტო რაოდენობა.
ექსპო ჯორჯიაში შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა “მთავარი არხის” ოპერატორი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა, მუშაობა არ შეუწყვეტია.
შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, ყრილობაზე, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ, 75 დელეგატიდან რეგისტრაცია 42-მა გაიარა – დარბაზში მხოლოდ სახელისუფლო კანდიდატის მხარდამჭერები შევიდნენ, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა კი უარი განაცხადეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
იმისთვის, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდეს, იოსებ ტყემალაძეს 38 დელეგატის ხმა სჭირდება.
დღეს დანიშნული ყრილობის ადგილზე პროტესტის ნიშნად ვეტერანი მორაგბეების თავშეყრას გამოეხმაურა შსს, რომელმაც მხარეებს მოუწოდა, “უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან”.
ასევე, შეგახსენებთ, რომ რეესტრმა რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურა ორჯერ დაახარვეზა.