წუხელ ღამით სამტრედიის შესასვლელთან მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ქუთაისელი ელგუჯა ლოსაბერიძეა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ მატარებლის მემანქანემ ლიანდაგზე მყოფ პირს, ხმოვანი სიგნალით რამდენჯერმე ანიშნა, თუმცა, სავარაუდოდ, მამაკაცმა რეაგირება ვერ მოასწრო. ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ მამაკაცი შვილის იუბილის აღსანიშნად ხონში იმყოფებოდა. უბედური შემთხვევა კი უკან, სახლში დაბრუნებისას მოხდა. მამაკაცი ლიანდაგებზე პირადი საქმისთვის იყო გადასული.
ელგუჯა ლოსაბერიძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
სამტრედიის შესასვლელთან მატარებელი მამაკაცს დაეჯახა (+ვიდეო)