გასულ კვირას ცნობილი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 5 ფინალისტის ვინაობა. „პუბლიკა“ ფინალისტებს მათი პედაგოგიური პრაქტიკის შესახებ ესაუბრა; გამოჰიკთხა, რა შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე აყენებს მათ ქვეყნის საუკეთესო ხუთ მასწავლებელს შორის ყოფნა.
ერთ-ერთი ფინალისტი ელზა ხარშილაძეა, რომელიც შვიდი წელია მასწავლებელია. ის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. გვეუბნება, რომ ფინალისტობა მისთვის პირველ რიგში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ კონკურსის მონაწილე პედაგოგებმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან საკუთარი გამოცდილება და შესაძლებლობები ერთმანეთს გაუზიარონ.
ელზა ხარშილაძის თქმით, მის პედაგოგიურ საქმიანობაში ერთ-ერთი მთავარი წარმატება ისაა, რომ ფიზიკის საგნისადმი მოსწავლეებისა და მშობლების დამოკიდებულება ნელ-ნელა შეცვალა.
„ხშირად შემხვედრია დამოკიდებულება, რომ ფიზიკის სწავლა რთულია. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ გავაქარწყლო ეს სტერეოტიპი. ყველა საგანს თავისი ხიბლი აქვს, რომელიც პედაგოგმა მოსწავლეს უნდა დაანახოს. ჩემთვის წარმატებაა ის, რომ მოსწავლეები ხალისით ესწრებიან ჩემს გაკვეთილებს. მთავარი ღირებულებაა, ისეთი საკლასო გარემო შევუქმნა მათ, რომ თავი თავისუფლად იგრძნონ, საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მიეცეთ. თავიდან სკოლაში ცარიელი ფიზიკის კაბინეტი დამხვდა, არანაირი ტექნიკური აღჭურვილობა არ გვქონდა, ამას ემატებოდა საბუნებისმეტყველო საგნებისადმი დაბალი ინტერესი, ეს ყველაფერი დიდი გამოწვევა იყო მაღალმთიანი სოფლის მცირეკონტინგენტიანი სკოლისთვის, მაგრამ ნელ-ნელა ეს პრობლემები საკუთარი ძალებითა და სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით დავძლიეთ, ახლა აღჭურვილი ლაბორატორია გვაქვს, დამოკიდებულებაც შეიცვალა“, – ამბობს ელზა ხარშილაძე.
კიდევ ერთი ფინალისტი, ანა კინწურაშვილი „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ საკუთარმა მოსწავლეებმა წარადგინეს, ამიტომ ფიქრობს, რომ ფინალისტობა ორმაგი პასუხისმგებლობაა მოსწავლეების წინაშე. ის კერძო სკოლა „ქორალში“ შვიდი წელია, რაც მათემატიკას ასწავლის. ამბობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეს გაკვეთილზე დასწრება უხაროდეს, საკლასო აქტივობებში მონაწილეობა მხოლოდ ვალდებულება კი არ იყოს, არამედ თავადვე იყვნენ ინიციატორები, საინტერესო პროექტები დაგეგმონ და განახორციელონ:
„ხშირად ბავშვები მათემატიკას რთულად სწავლობენ, იმიტომ, რომ ეშინიათ კითხვის დასმა. სწორედ ამიტომ პირველ რიგში გაკვეთილზე უნდა იყოს ისეთი გარემო, სადაც ბავშვს საკუთარი აზრის გამოხატვის არ ეშინია. იცის რომ მოუსმენენ, გაარკვევენ, დაეხმარებიან, თუ რამე ვერ გაიგო. ორიენტირებული ვარ არა მხოლოდ საგნის სწავლებაზე, არამედ იმაზეც, რომ ჩემი მოსწავლეები კარგი მოქალაქეები გაიზარდონ, ხშირად ვიღებთ მონაწილეობას საქველმოქმედო ღონისძიებებში. მთავარია ბავშვებში ჯანსაღი ღირებულებების სისტემის ჩამოყალიბება“.
მარინე ვართუმაშვილი გორის მე-12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელია, მას პედაგოგად მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს. მიიჩნევს, რომ პედაგოგი პირველ რიგში მოსწავლის მხარდამჭერი უნდა იყოს, მათი ინდივიდუალური შესაძლებლობები უნდა გაითვალისწინოს, რათა სკოლა ამ შესაძლებლობებისა და უნარების განვითარების ასპარეზად აქციოს. სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ საქმიანობისას მისი ყველა აქტივობა მოსწავლის ინტერესებზეა გათვლილი.
„პედაგოგისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სიახლეებთან გამკლავებაა, არასდროს არ უნდა გაუქრეს ახლის სწავლის სურვილი და შემდგომ ამ ცოდის სხვებისთვის გაზარება შეეძლოს. ეს კარგად დაგვანახა პანდემიის პირობებში ონლაინსწავლებაზე გადასვლის საჭიროებამ. ასევე ჩემთვის მთავარი პრინციპია მოსწავლეებისადმი ინდივიდუალური მიდგომა, სწავლა-სწავლების პროცესში მათი შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინება“,- გვითხრა მარინე ვართუმაშვილმა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალში წელს პირველად მოხვდა პედაგოგი რაჭა-ლეჩხუმიდან. თეონა შერაზადიშვილი 27 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ის ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.
„მასწავლებელი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, მუდმივად უნდა მუშაობდეს იმისთვის, რომ მოსწავლეების მიღწევები გააუმჯობესოს. თუკი პედაგოგი საკუთარ თავში ამ მოტივაციას იპოვის, არაფერია შეუძლებელი. ემპათია, მოსმენის, გაგების, თანაგრძნობის უნარი – ვფიქრობ, ყველაზე მეტად ეს უნარები მეხმარება მოსწავლეებთან სწორ კომუნიკაციაში. სწორი ურთიერთობა მოსწავლესთან ყველაფრის დასაწყისია. თუ მოსწავლესთან, მშობელთან, თემთან სწორ კომუნიკაციას ვერ ამყარებ, იქ სხვა საკითხებზე საუბარი უკვე შეუძლებელია. ამ წლების განმავლობაში დიდი პრაქტიკული გამოცდილება დამიგროვდა. ვერ ვიტყვი რომ არასდროს არაფერი შემშლია. მთავარია, პედაგოგს თვითრეფლექსიის გაკეთება შეეძლოს. გააცნობიეროს, რა გამოუვიდა კარგად, სად შეეშალა, ამ პრინციპითვე მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობები უნდა დაანახოს, რომ მერე მათ განვითარებაში შეუწყოს ხელი“.
კიდევ ერთი ფინალისტია სოფო გოგოხია. ის 14 წელზე მეტია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, ბოლო 7 წელი კი აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში ასწავლის სახვით და გამოყენებით ხელოვნებას და ქართულ ენასა და ლიტერატურას. ამბობს, რომ მათ სკოლას საკუთარი შენობა არ აქვს და ეს პრობლემა წლებია მძიმე ტვირთად აწევთ. ფიქრობს, რომ ფინალისტობა კარგი შესაძლებლობაა ამ პრობლემის შესახებ საჯაროდ ისაუბროს, გადაწყვეტილებების მიმღებებამდე ხმა მიაწვდინოს, რომ ეს საკითხი მოგვარდეს.
გვიყვება, რომ მისთვის ღირებული გამოცდილებაა წლების განმავლობაში არაფორმალური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, რომლებშიც როგორც მათივე სკოლის, ისე რეგიონის სხვა სკოლების მოსწავლეებიც და ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად არის ხოლმე ჩართული. ამგვარად სკოლა თემთან თანამშრომლობს და უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თემის პრობლემების მოგვარებაში:
„ამგვარად სკოლა არის ერთგვარი კულტურული ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს – სხვა სკოლის მოსწავლეებს, ადგილობრივ მოსახლეობას – შეუძლია დაესწროს ღონისძიებებს, ლექციებს, შეხვედრებს. თუკი წლების წინ ეს ყველაფერი პედაგოგების ინიციატივით იწყებოდა, დღეს უკვე ინიციატივები ბავშვებიდან მოდის, ეს ძალიან მახარებს და მეამაყება“.
ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.
publika.ge