ჩვენ მომარაგებული გვაქვს უკლებლივ ყველა მედიკამენტი და აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია იმ შემთხვევაში თუ ერთეული შემთხვევები მოხდა გართულებების და მათ შორის, ალერგიული გართულების, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა, დიდი ალბათობით ორშაბათიდან დაიწყება.
ცერცვაძის განცხადებით, შერჩეული კლინიკები აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკით, მედპერსონალი კი გადამზადებულია ერთი მხრივ ვაქცინაციის შეუფერხებლად წარმართვისთვის, მეორე მხრივ კი შესაძლო გართულებების მართვისთვის.
„ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია უკვე ის კლინიკები, სადაც იქნება ვაქცინაციის საიტები, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იქნება ინფექციური საავადმყოფო. სივრცის მოწყობა მოხდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, ისევე როგორც ინვენტარისა და აღჭურვილობის.
ჩვენთან სამი ბრიგადა იმუშავებს პარალელურად, რომელმაც გაიარა სპეციალური ტრენინგი ოპტიმალურად, რათა ვაქცინაციის პროცესი წარმართონ, რაც მთავარია, უსაფრთხოდ. ჩვენ გვაქვს მომარაგებული უკლებლივ ყველა მედიკამენტი და ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ გართულებების ცალკეული ერთეული შემთხვევები მოხდა და მათ შორის ალერგიული გართულების, რაც, ბუნებრივია. მთელს მსოფლიოში აცრილების რაღაც პროცენტს უვითარდება გვერდითი მოვლენები, მათ შორის, ძალიან იშვიათად სერიოზული ალერგიული რეაქციებიც და ჩვენი ცენტრი, ისევე როგორც სხვა კლინიკები, მთლიანად მზად არის, როგორც ვაქცინაციის შეუფერხებლად წარმართვისთვის, ისე შესაძლო გართულებების გამოვლენის შემთხვევაში, მისი მართვისთვის.
რაც შეეხება დაწყებას, მინიმალური დაყოვნება იქნება ვაქცინის შემოტანის შემდგომ. შაბათს ელოდებიან რომ შემოვა, განბაჟებასა და აუცილებელ პროცედურებს დასჭირდება ერთი ან ორი დღე და ვვარაუდობთ, რომ ორშაბათიდან ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას“, – განაცხადა ცერცვაძემ.