ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, გენიოსი პოეტის, მწერლის, პუბლიცისტისა და მოაზროვნის, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წელი შესრულდა.
გავრცელებული ვერსიის თანახმად ვაჟა-ფშაველა დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს, თუმცა 1912 წელს „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნებულ ვაჟასავე წერილში მითითებულია, რომ დაიბადა ძვ. სტილით 1862 წლის 15 მაისს (ახ. სტილით 27 მაისი). ჩარგალში 14 ივლისს ვაჟას შემოქმედების თაყვანისმცემლები ვაჟაობას აღნიშნავენ და გენიალური კლასიკოსი მწერლის ხსოვნას და მემკვიდრეობას მიაგებენ პატივს.
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები ბევრ სხვა ღირსებებთან ერთად იმითაც გამოირჩევა, რომ დროს უსწრებს
“მოგვშორდი, წადი! ნუთუ თვით არა ჰგრძნობ, ღირსი არა ხარ აქ ყოფნისა? რა მარგე? რა გამიკეთე? არაფერი. დაღუპვისა და ზარალის მეტი.
გამატიტვლე, გამაშიშვლე, წამართვი ლუკმაპური. მხედავდი მშიერ-ტიტველს, გეხვეწებოდი, გემუდარებოდი: შემიბრლე, მეც ადამიანი ვარ, მეც გრძნობა მაქვს, ნუ მიცქერი, როგორც პირუტყვსო. რომ გაგიჭირე საქმე თხოვნითა და ლაქუცით, ვფიქრობდი შენთვის გული მომელბო, ჩემზე ცოტა რამ მოწყალება მოგეღო, შენ მოწყალების ნაცვლად მოინდომე ჩემთვის ენაც მოგეკვეთა, ენა, რომლითაც ჩემს ტანჯვა-ვაებას გიცხადებდი.
სულ ის გინდოდა, გაჩუმებული, დადუმებული ვყოფილიყავი და ასე ნელ-ნელა, ჩუმად დამელია სული. შვილები ჩაგაბარე, – გაგინათლებო დამპირდი. ისე შენ მოგცას განათლებული, როგორც შენ ჩემი შვილები გაანათლე. რაც იცოდნენ, ისიც დაავიწყე, საღი ტვინი, საღი ჯან-ღონე, საღი გრძნობა მოუწამლე, მოუშხამე და ისეთები დამიბრუნე: “ჰა, შენი შვილები, გაიხარე იმათ სიკეთითაო!”
არათუ გარეშე მტრებისგან დამიფარე, შენ თვით გადაიქეც ჩემს მტრად, შინაურ ჯალათად – დამადგი რკინის უღელი, ხელ-ფეხზე ბორკილი, დამიგე ქვეშაგებად ეკალი!” 1905 წელი.