ენათმეცნიერი მარინე ბერიძე ერთ-ერთია, ვინც Covid-19 მძიმე ფორმით გადაიტანა.
მარინე ამბობს, რომ იქ სხვა სამყაროა, რომლის შესახებ „აქეთ ცხოვრებაში“ არაფერი იციან.
“წარმოიდგინეთ მიჯრით ჩაწყობილი საწოლები.
რამდენი ვიყავით, არ დამითვლია, მეშინოდა დათვლა, მაგრამ რამდენიმე ათეული ვიქნებოდით.
მიცვალებული რომ მეწვა გვერდით, სანამ გაიყვანდნენ, ცოტა მკვეთრი მოძრაობისას ლამის ხელით ვეხებოდი.
მძიმე იყო, ადამიანებს ვესაუბრებოდი, მათ სახელს ვიგებდი და მერე ახლობლებს ვურეკავდი, ამ სახელზე ილოცეთ-მეთქი და უცებ…
თან რეკავს ეს აპარატურა, მუდმივად რეკავს, რაღაც კოსმოსურ ხმებს გამოსცემს. ბოლოს ამ ხმაზეც ვხვდებოდი, ვისი მდგომარეობა მძიმდებოდა.
შემდეგ ჩამოაფარებდნენ შირმას, რომ არაფერი დამენახა და მიყავდათ.
ახლა რომ ამბობენ ხოლმე ვინმეზე, კოვიდით გარდაიცვალაო, ვიცი, სიტყვა „გარდაიცვალა“ ფაქტობრივად ქორწილია იმასთან შედარებით, რასაც რეალურად მათი წასვლა ნიშნავს.
ეს არის დიდი ტანჯვით წასვლა. ახლობელს დავურეკე და ვთხოვე, ეგალობა.
მახსოვს დიდი პაუზა და შეკავებული ტირილნარევი ხმა მეორე მხარეს. ალბათ ეგონა, ვკვდებოდი. მე კი დაჟინებით ვითხოვდი, რამე ეგალობა.
თუნდაც „ღირს არსი“. დაიწყო გაბზარული ხმით. მეც ავყევი ჩუმად. არასოდეს დამავიწყდება, როგორ გამითბა და დამიამდა ზურგი, რომელსაც მანამდე თითქოს ზუმფარის ქაღალდით მიხეხავდნენ.
მართალია, უძილო, ტკივილით გატანჯული, უჰაერობით გადაქანცული ვიყავი, მაგრამ გონება მქონდა აბსოლუტურად კაშკაშა.
დავიწყე ანალიზი: რა იყო ეს? რითი მეხმარებოდა გალობა? მარტო მლოცველის ეგზალტაციად ამას ვერ ჩავთვლიდი, არა ვარ მაგ ყაიდის ადამიანი და არც მაგ სიმაღლის მორწმუნე…
მივხვდი, რომ სუნთქვის რიტმი, რომელსაც გალობა მთავაზობდა, მეხმარებოდა ჟანგბადის მეტი ნაკადის მიღებაში.”წყარო რადიო თავისუფლება ამონარიდი კოვიდ პაციენტის წერილიდან.