ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლოს გამოვლენილი ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ერთი ამერიკის კლასტერს მიეკუთვნება, ხოლო დანარჩენი სამი – მარნეულს.
„დღეს დილიდან კვლევა ჩაუტარდა 12 პაციენტს. როგორც გითხარით, აქედან 1 დადასტურდა, ხოლო 11 პასუხი იყო ნეგატიური. ახლა აღებულია დაახლოებით ამდენივე ტესტირება და დილას მოგახსენებთ პასუხებს,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ-ერთ პაციენტს კოლეგებთან შეხვედრა ჰქონდა, თუმცა როგორც ეზუგბაია აცხადებს, ამ შეხვედრის დროს პაციენტი ჯანმრთელი იყო.
„ერთ-ერთ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან შეხვედრა, თუმცა ამ შეხვედრის დროს, როგორც ვიცი, ჯანმრთელი იყო. როდესაც სამსახურში სიარული შეწყვიტა, რამდენიმე დღის მერე გამოუვლინდა კლინიკური ნიშნები. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ მასთან არსებული კონტაქტები არ ჩაითვლებიან, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტები. ამ პირთან არსებული კონტაქტების მოკვლევა გაგრძელდება,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.
გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის არის რამდენიმე ადამიანი, რომელთა პირველადი ტესტირების შედეგად ნეგატიური ან სუსტი დადებითი პასუხი დაფიქსირდა.