კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო, საქართველო „ლოქდაუნის“ გამოცხადებისთვის ემზადება. ქვეყანაში, სავარაუდოდ, შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და დაიხურება დიდი სავაჭრო ცენტრები.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა ვირუსის მომატებულ შემთხვევებს ვეღარ გაუძლებს.
მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგულაციები დღეს ან ხვალ დაწესდება.
ლევან გოფოძე: საქართველოში კორონავირუსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. არსებული ვითარება ნამდვილად რთულია, კლინიკებში ადგილების რაოდენობა ჭირს. აქედან გამომდინარე, ვიდრე უფრო მკაცრი ზომები იქნება მიღებული, ყველამ მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოს.
რეგულაციები აუცილებლად უნდა შეეხოს ხალხმრავალი ადგილების შეზღუდვას, მათ შორის, ტრანსპორტს. მთელ მსოფლიოში უკვე ყველა ქვეყანა „ლოქდაუნს“ აცხადებს. ვითარება გართულდა, ამიტომ ალბათ, საქართველოში დღეს ან ხვალ შეზღუდვები აუცილებლად გამოცხადდება.
კითხვაზე, არის თუ არა დაგვიანებული საქართველოში რეგულაციების გამკაცრება, გოფოძე გვპასუხობს:
„ამას ვერ ვიტყვით, ქვეყანაში არჩევნები იყო. შემიძლია გითხრათ ის, რომ ვირუსის შემთხვევები ძალიან გაიზარდა და სამომავლოდ მოიმატებს ტესტების რაოდენობაც. ამ ყველაფრის ფონზე, ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
რამდენ ხანს უნდა დაწესდეს ქვეყანაში“ლოქდაუნი“, ამას ეპიდსიტუაცია აჩვენებს, „ლოქდაუნისთვის“ საჭირო იქნება სულ ცოტა ორი კვირა. გახანგრძლივდება თუ არა „ლოქდაუნის“ დრო, ეს ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული“,- განაცხადა გოფოძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ჩვენი ქვეყანა ვირუსის გავრცელების ტემპით სამ მეზობელ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს უსწრებს.