,,სახლში დარჩენილები” – ჩანაწერს სოციალურ ქსელში მწერალი და პედაგოგი, მარტვილის მკვიდრი ოთო დანელია აქვეყნებს
“ამბავი
-ამ ფოტოზე,ასეთი პატარა,შენ ხარ?
-მე არა,დეიდაშენია.
-აუ,რა საყვარელია!
-ეს ფოტო აქამდე არასდროს გინახავს?!
-ალბათ კი,მაგრამ აღარ მახსოვს.
-ბედნიერებაა,დე,სახლში რომ ხარ…
-დე,როგორ გაგღიავებია თვალები,დე?!
-კარგა ხანია ასეა,ასაკმა იცისო,ექიმმა.
-მაპატიე,დე…არასდროს შემიმჩნევია ეგ.
-სად გეცალა,შვილო,გენაცვალა დედა.
-დე,დრო რომ ნელა გადის,შეამჩნიე?
-სახლში რომ დარჩი,იმიტომ გეჩვენება.
-ალბათ.
-შენ მოსვლამდეც ასეა,შვილო,უსაშველოდ იწელება დრო.
-მაპატიე,დე…
-რას შეჭამ?
-არაფერი მინდა,ჩემთან დაჯექი,დე.
ამბავი II
-ამ დილიდან რომ იღრინები,ჩემი ბრალია ვირუსმა რომ სახლში ჩაგვკეტა?!
-ნუ წიკვინებ,შენი თავი არ მაქვს.
-პურიც დამთავრდა,შაქარიც.
-მერე მე რას მეუბნები,ამოიტანე!
-უსინდისო ხარ შენ!
-დროზე,გოგო!
-დედაჩემთან მივდივართ მე და ბავშვები.
-წახვალ და ვეღარ დაბრუნდები…
-ნუ ღრიალებ,ბავშვებს სძინავთ!
-ხო,კაი…
-სახლში ჩაკეტვამ შეგცვალა ძალიან,ვერ გცნობ.
-შენც საერთოდ სხვანაირი გახდი…
-რას შეჭამ?
-პური გვაქვს?
-კი,წუხელ ამოვიტანე.
-ძეხვი?
-ეგეც.
-მაშინ შენ ყავა აადუღე,ძეხვს მე შევწვავ.
-შაქრით?
-ხო.
ამბავი III
-სასწრაფოში დარეკე?
-კი,მაგრამ ახლა ისეთი ამბავია,როდის მოვლენ,ვინ იცის…
-შენს ვაჟს გააგებინე?
-დავურეკე.
-მერე?
-არ სცალია,ხომ იცი?
-როდის ეცალა მაგას.ოცი წელია ძალით დადის ჩვენთან.
-რა ქნას,ცოლ-შვილს ბევრი უნდა.
-ეჰ,მეც მყავდა ცოლ-შვილი,მაგრამ მშობლები არ მიმიტოვებია.
-დაწყნარდი,ისედაც მაღალი წნევა გაქვს.
-მადლია,ნეტავ მოვკვდებოდე.
-მერე მე?
-შენ მეცოდები თორე…
-არ გაბედო სიკვდილი,არასდროს!
-აბა რა ვქნა,ცას ხომ არ გამოვეკერები?!
-ჯერ მე წავალ…
-ღმერთმა დაგვიფაროს,ქალო,რას ამბობ?!
-სად არის ეს სასწრაფოც ამდენ ხანს?!
-მოვლენ,ნუ ნერვიულობ…
-ერთი კვირაა სკვერში ნარდი არ მითამაშია.
-ეგ გკლავს შენ,ეგ.
-მომეცი ტელეფონი შაქროს დავურეკავ.
-შაქრო სოფელში წაუყვანიათ შვილებს.
-აბა სოფელში ითამაშებს ეგ ნარდს.
-ჩაივლის ეგ ამბები,ჩამოვა შაქროც და ითამაშეთ რამდენიც გინდათ.
-ეჰ…
ამბავი IV
– ალო!
-ნიკა,მე ვარ,თინა მასწავლებელი.
-დიახ,თინა მას.
-დედაშენი დამალაპარაკე.
-მაღაზიაშია,თინა მას.
-ონლაინ გაკვეთილებს რატომ არ ესწრები,ნიკა?
-ინტერნეტი არ მაქვს,მასწავლებელო.
-ტელეფონით ჩაინიშნე დავალებები.მოიმარჯვე კალამი და ფურცელი.
-აუ,ხმა არ ისმის…მას,რამე მითხარით…
-ნიკა,გესმის ჩემი?ალო,ნიკა…
-არაფერი ისმის მას,შიშინებს ტელეფონი.
ამბავი V
-დღესაც ვერ მოდიხარ?
-ვერ.ახალი პაციენტები მოიყვანეს.
-თავს გაუფრთხილდი!
-ხო,რა ვიცი,ვცდილობ.თქვენ როგორ ხართ?
-ვართ რა.ლუკა ტირის შიგადაშიგ,დედა მინდაო.
-ვენაცვალე მაგას…რას ჭამთ?
-დედაჩემი იყო გუშინ,გაგვიკეთა საჭმელი.
-გარეთ არ გახვიდე,გთხოვ…
-ზეგ მოხვალ?
-არ ვიცი.
-მოგვენატრე.
-ვიტირებ ახლა.
-მიყვარხარ
-მეც.
-ლუკამ გაიღვიძა.
-მიდი,ოღონდ ტელეფონი გათიშე,არ მინდა ბავშვის ხმის გაგონება,მერე მართლა უნდა ვიტირო და აქ ჩემთვის ვის სცალია…
-კარგი,ვთიშავ და გკოცნი.
-მალე მოვალ მე…”
ოთო დანელია
ილუსტრაცია: Lado Tevdoradze