საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დახურულ სივრცეებში, სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლი გამკაცრდება.
როგორც მან უწყებათაშორის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოთხოვნები, თუმცა, შედარებით მსუბუქი, შეეხება ღია სივრცეში გამართულ ღონისძიებებსაც.
„აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება. განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი გვანახა აჭარის რეგიონმა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან დიდი ქორწილები ჩატარდა და იქ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო. ამიტომ დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურისედ გამკაცრდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ ეხება ღია სივრცეს, ღია სივრცეში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს იქნება შედარებით მსუბუქი მოთხოვნები.
მინდა ყველა დავაწყნარო, რომ სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით გავხსენით ეკონომიკა, სწავლა იწყება, და მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის არანაირი რისკი არ იქნება“, – განაცხადა გახარიამ.