ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორეთში მძიმე ვითარებაა. როგორც ადგილობრივები “მთავარი არხის” ვებგვერდს უცხადებენ, დამეწყრილ ზონაში ხალხია ჩარჩენილი. ისინი კავშირზე არიან და დახმარებას ელოდებიან.
შეგახსენებთ, გურიაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიის ზონაში, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები არიან 80 წლის ქალი და ერთი არასრულწლოვანი, რომლის ცხედარიც სოფელ ჯუმათში იპოვეს. ერთი პირის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.
გურიაში ვითარება საგანგაშოა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონებში, სადაც გადაუდებელმა წვიმამ რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაც მოწყვიტა. ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, განადგურებულია მოსავალი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. სამაშველო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.