ოკუპირებულ აფხაზეთში ზღვის სეზონი ტრაგედიებით დაიწყო. ბოლო დღეების განმავლობაში ზღვაში რამდენიმე რუსი ტურისტი დაიხრჩო. ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაა, გაგრის რაიონში, 6 ივლისს მომხდარი ტრაგედია. სანტ-პეტერბურგელი ქალი სამ შვილთან ერთად, ზღვის ტალღებმა გაიტაცა, თვითმხვილველებმა და მაშველებმა, ოჯახის ოთხი წევრიდან მხოლოდ ერთი ბავშვის გადარჩენა შეძლეს.
აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დილის 11:00 საათისთვის, მაშინ, როდესაც ძლიერი ღელვა იყო, 36 წლის თამარა მოლჩანოვამ, რომელიც სამ შვილთან ერთად გაგრის ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდა, სასტუმროს პერსონალს არ დაუჯერა, სახიფათო სიტუაცია არ გაითვალისწინა და 7, 5 და 3 წლის შვილებთან ერთად, ბზიფისკენ გაემართა.
“ძლიერი ღელვის და მაღალი, თითქმის ორმეტრიანი ტალღების გამო, ზღვაში შესვლიდან რამდენიმე წუთში, ოთხივე მათგანი გაუჩინარდა. თვითმხილველების ნაწილი მათ გადასარჩენად შეცვივდა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობდნენ ბავშვები მაინც ამოეყვანათ. სხვები სამაშველო სამსახურში ვრეკავდით… მათ მოსვლამდე, ერთი ბავშვი იპოვნეს და გადაარჩინეს.
მოგვიანებით, მაშველებმა იპოვნეს ერთი მცირეწლოვანის ცხედარი და უგონო მდგომარეობაში 7 წლის გოგონა, რომელიც სოჭის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მისი გადარჩენის იმედს ვერ იძლევიან… ზღვაში დაკარგული დედის ცხედრის პოვნა კი დღემდე ვერ ხერხდება. მაშველები მის ცხედარს ვერმტფრენით ეძებენ…” – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი საიდა ჰასან-ოღლი.
ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსი ტურისტები ადგილობრივების რჩევას არ ითვალისწინებენ და შტორმის დროს ზღვაში საბანაოდ შედიან. გუშინ, ადგილობრივებმა დახრჩობას გადაარჩინეს 35 წლის რუსი ტურისტი, ვადიმ ზაკიროვი. პერმელი მამაკაცი, რომელიც ასევე გაგრაში ისვენებდა, ზღვაში უამინდობისას შევიდა და მალევე გაუჩანირდა. ის ადგილობრივებმა გადაარჩინეს, თუმცა უგონო მდგომარეობაში გაგრის საავადმყოფოში იმყოფება.
“4 ივლისს, ასევე ძლიერი ქარისა და შტორმის დროს, ასევე გაგრაში, 42 წლის პაველ დანკოვი დაიხრჩო. რუს ტურისტს ვუთხარი, რომ ასეთ დროს, ზღვაში შესვლა ძალიან სახიფათო იყო, ფაქტობრივად კამიკაძეობას უდრიდა, მაგრამ გვითხრა, რომ ამის ხათრით ჩამოვიდა აფხაზეთში, ექსტრემალური სპორტის მოყვარულია და თავისი საქმის თვითონ იცოდა… ღამის 10 საათზე, სამმეტრიანი ტალღების ფონზე შეცურა ზღვაში და ვეღარ ამოვიდა. მალევე დავკარგეთ თვალსაწიერიდან… მეორე დღეს, ისევ ჩვენს ქალაქში ტურისტად ჩამოსული, რუსეთის მოქალაქე მარინა კოჩეტკოვა ბეწვზე გადაარჩინეს ადგილობრივებმა.
დილის რვა საათზე შესულა ზღვაში, თუმცა გაუმართლა, რადგან იქვე ადგილობრივი ბიჭები ბანაობდნენ და ცოცხალ-მკვდარი ქალი ნაპირზე გამოიყვანეს… ყველას ვეუბნებით, ნუ აკეთებთ ამას, შეიძლება ჩვენზე მეტი იცით, მაგრამ ზღვის ნაპირზე გავიზარდეთ, ზღვა კი, შეცდომას არავის პატიობს, ნუ მიდიხართ ასეთ რისკზე-მეთქი, მაგრამ ირონიულ პასუხებს გვიბრუნებენ… სიკვდილში ფულს ნუ იხიდით, თუ სიცოცხლე აღარ გინდათ, თქვენს ქვეყანაში რაც გინდათ ის ქენით, ჩვენი სატკივარიც გვეყოფა, 30 წელია სისხლსა და სიკვდილს ვუყურებთ….” – წერს გაგრელი ლარისა კაკალია.
“ღვინოსა და არყის იქით ვერაფერს ხედავენ. ჩაიყრიან მანქანაში, გამოთვრებიან სანაპიროზე და შეცვივდებიან ზღვაში… რატომ უნდა რისკავდნენ სიცოცხლით ჩვენი თანაქალაქელები ან კაპიკებზე მომუშავე მაშველები მათ გამო? ისე იქცევიან, თითქოს ზღვა არასდროს უნახავთ და მერე ჩვენ გვეძახიან ველურ მაიმუნებს… იქნებ რამე ზომები მიიღოს ჩვენმა ხელმძღვანელობამ თუნდაც ქვეყნიდან გაძევება ან ფინანსური ჯარიმა ან რამე სანქცია, როგორც ეს საქართველოშია მიღებული, მაგრამ ტურისტებს როგორ აწყენინებენ, რომ დაფრთხნენ?” – წერს კიდევ ერთი ადგილობრივი ნონა ჯოპუა.
“მხოლოდ აფხაზეთი კი არა, რუსეთიც შორს დარჩა ცივილიზაციისგან კანონებით, ჩვენ კი ისევ და ისევ მისგან ვაკოპირებთ ყველაფერს. “უფროსი ძმის” სისტემით ვცხოვრობთ და აი, შედეგიც…”- მიაჩნია ზურაბ სმირს.
ambebi.ge