შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით გურიაში 2 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებული, ე.ბ. ქობულეთში არსებულ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” მუშაობდა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ასაღებდა.
კერძოდ, ის რეალიზაციის მიზნით, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან” მართლსაწინააღმდეგოდ ეტაპობრივად ეუფლებოდა 860 ბენეფიციარისთვის განკუთვნილ ნარკოტიკს, რომელსაც ჯ.ბ.-ზე უკანონოდ ასაღებდა.
“სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და სამუშაო ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 22 ცალი 10 მილიგრამიანი შპრიცი, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი” იყო მოთავსებული. ე.ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 2,5 ლიტრი “მეტადონის” ხსნარი, რომელიც სამ პლასტმასის ბოთლში იყო გადანაწილებული”, – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ, ჩხრეკის ღონისძიების ჩატარების შემდეგ, “შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი” დალუქა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.