27 წელია ამ დაბრუნებას ელიან…
გაუნელებელი ტკივილით , დარდით, სევდით და სიამაყით, რადგან სახელოვანი სიკვდილი რჩეულთა ხვედრია!
27 წლის შემდეგ გულში ჩაიკრავს მიწა, რომელსაც იცავდა, დაეფინება ასხის მთიდან წამოსული ნისლი და ოკაცის ხმაურში გაირინდება პაპისეულ სახლთან უტყვი შეხვედრის ღამე . თაობები ამაყად გაიხსენებენ- სამშობლოს სიყვარულის ღირსეულ მაგალითს.
ბესარიონ აბულაძე – 23-ე ბრიგადის, პირველი ოცეულიში იბრძოდა.
იგი 1971 წლის 25 აპრილს ქალაქ სოხუმში დაიბადა . 1993 წლის 16 იანვარს, 23 წლის ახალგაზრდა სტუდენტი ჩადგა სამშობლოს ერთიანობის დამცველთა რიგებში.
ბესარიონ აბულაძეს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული 239-ე საზენიტო საარტილერიო დივიზიონის მიერ წარმოებულ ყველა ძირითად საბრძოლო ოპერაციებში.
1993 წლის 16 სექტემბერს საბედისწერო აღმოჩნდა მოწინააღმდეგის მიერ ნასროლი ჭურვი, რომელიც მის გვერდით აფეთქდა. ნამსხვრევებისგან მიღებული ჭრილობა, სასიკვდილო აღმოჩნდა.
ბესარიონ აბულაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. (სიკვდილის შემდეგ)
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში უგზოუკლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიების კომისიის და საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირი, 27 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდა. სახელოვან მამულიშვილს წინაპართა გვერდით დაკრძალავენ.
დაკრძალვის ადგილი: ხონის რაიონი, სოფელი კინჩხა. 16 აგვისტოს.