მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. როგორც პროცესის დაწყებმდე დაკავებულების ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ. კერძოდ კი, უფლებადამცველები დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას მოითხოვენ.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დარჩენის საფუძვლები არ არსებობს.
როგორც პროცესის დაწყებამდე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საბა ჩხარტიშვილს ძალადობას ედავებიან, რასაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს. ის დღევანდელ სხდომაზე საბა ჩხარტიშვილის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. მას ბრალი სისხლის სამართლია კოდექსის 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა გულისხმობს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი არავის მოუკლავს. ამის შესახებ კობაიძემ ჟურნალისტებს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განუცხადა, სადაც ამ წუთებში შაქარაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
როგორც კობაიძემ აღნიშნა, გაგნიძეს რომ შაქარაშვილის გარდაცვალებასთან შეხება არ ჰქონია, ამას ვახტანგ ახვლედიანის ჩვენება ადასტურებს. ადვოკატის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობას დააყენებს. დაკავებულებიდან ნაწილს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ 126-ე, ნაწილს კი, 225-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
კიდევ 6 დაკავებულს, რომლებიც არასრულწლოვნები არიან, მათი სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება.