ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ნაწილს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალი დაუზუსტდათ. მათ შორის არიან, საბა გოგშელიძე, ირაკლი მუმლაძე, ირაკლი წაქაძე, ვახტანგ ჩიქოვანი.
როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ფეხბურთელ ირაკლი წაქაძის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ბრალდებულს 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნტის სახით ახალი ბრალი წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნ.ხ დაზარალებულად ცნეს, ის არავის ადებს ხელს, შესაბამისად, საქმეში დაზარალებული არ არის.
„გამომძიებელი მოვიდა ბრალის დასაზუსტებლად, სინამდვილეში კი ახალი ბრალის – 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის ფორმულირება წარმოდგვიდგინეს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება პირველი ჩხუბის ეპიზოდში ედავება, ვითომ ფიზიკურად გაუსწორდა ნ.ხ-სა და ვახტანგ ჩიქოვანს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნ.ხ დაზარალებულად ცნეც, ის არავის ადებს ხელს, შესაბამისად საქმეში დაზარალებული არ არის”, – განაცხადა ჩარკვიანმა
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. პროკურატურამ საქმეზე დაკავებული „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.