პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე – გიორგი გახარია რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. გახარიამ პარტიის ახალი ოფისი ბათუმის, გორის, ზუგდიდის, ფოთისა და მარტვილის შემდგომ დღეს ქუთაისში გახსნა და მედიასთან ქუთაისის ეკონომიკური ფუნქციურობის შესახებ საკუთარი პარტიის ხედვებზე მედიასთანაც ისაუბრა.
„ქუთაისმა და იმერეთმა თავისი ფუნქცია უნდა აღიდგინოს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ იმისთვის რომ ახალი ფუნქციებიც გავაჩინოთ. პირველი, რა თქმა – უნდა ქუთაისში უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს ინდუსტრია – ქუთაისი ყოველთვის იყო ინდუსტრიული ქალაქი.
ინდუსტრიული მიმართულებები და ეკონომიკები ამ ქალაქში უნდა დაბრუნდეს, იმიტომ რომ ქუთაისში საკმარისზე მეტია კვალიფიციური სამუშაო ძალა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ეს ადამიანები საზღვარგარეთ კი არ უნდა გადიოდნენ სამუშაოდ, არამედ ადგილზე უდნა შეეძლოთ სამუშაოს პოვნა.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარტია -საქართველოსთვის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა რომ ქუთაისის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქცია უნდა გაძლიერდეს, მათ შორის აეროპორტისა და ტვირთბრუნვის ნაწილში, ისევე როგორც ქალაქის შიდა ეკონომიკის დინამიურად განვითარებას უნდა შეეწყოს ხელი.
„მეორე- ქუთაისი მძლავრი ურბანული ქალაქია და თავისი შიდა ეკონომიკა აქვს. აქ თანაბარი პირობები უნდა შეიქმნას ყველასთვის – ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს რომლებსაც გამბედაობა და შესაძლებლობა აქვთ პირველი ნაბიჯები გადადგან ბიზნესში – ყველა პირობა უნდა შევუქმნათ, რომ მათ პირველ რიგში თავიანთი თავი დაასაქმონ, არჩინონ თავიანთი ოჯახები, გაზარდონ და გააძლიერონ თავიანთი ბიზნესი, რომ შემდგომ სხვა ადამიანები დაასაქმონ. პირობები უნდა შევუქმნათ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ თავზე პასუხისმგებლობას აიღებენ და ნელ-ნელა დაიწყებენ ბიზნესის კეთებას.““ – ამბობს გახარია.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ახალი ფუნქციების და მიმართულებების განვითარების გარდა კიდევ მეტად უნდა გაძლიერდეს ის ეკონომიკური ფუნქციებიც, რომელიც მეტნაკლებად უკვე აქვს ქუთაისსა და მთელს რეგიონს.
„ქუთაისმა არ უნდა დაკარგოს და კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მიზიდულობის ძალა როგორც ტურისტულმა ცენტრმა. ეს საქართველოს ისტორიული ცენტრია, მრავალი მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული ძეგლია და შესაბამისად ქუთაისი და იმერეთი უარესად მიმზიდველია ტურისტებისთვის. ამიტომაც აქ ტურისტული მიზიდულობის ძველი ცენტრების ყურადღებაც უნდა გაგრძელდეს და ახლებიც უნდა შეიქმნას“ – განაცხადა გიორგი გახარიამ