რეგიონში მიმდინარე შეხვედრების პარალელურად პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარე გიორგი გახარია მედიის შეკითხვებს აქტიურად პასუხობს.
დღეს მედიამ გახარიას მისი მწვავე შეფასებების გამო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის გაჩენილ უკმაყოფილებასა და თავდამსხმელ განცხადებებზე სთხოვა კომენტარის გაკეთება. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ის წარსულზე არასდროს ჭორაობს და მმართველ პარტიას ამაზე არ აკრიტიკებს ან არავითარ კულუარულ ინფორმაციას არ ყვება – მაგრამ მან პოლიტიკაში საკუთარი პარტიით შემოსვლისას თავიდანვე გარკვევით განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესების შეფასებასა და მომავლის პერსპექტივებზე პარტია „საქართველოსთვის“ პოზიციონირება მკაფიო და მწვავე იქნებოდა.
„მე ამასთან დაკავშირებით პოზიცია უკვე ჩამოვაყალიბე, ჩემი პრემიერობის თუ წინა თანამდებობების პირობებში, საერთოდ ქართულ ოცნებასთან ერთად , ჩვენ ბევრი რამე გაგვიკეთებია კიდეც და შეცდომებიც დაგვიშვია – რაც არც ერთხელ არ უარმიყვია ამ წარსულზე. მაგრამ მე პირდაპირ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მე წარსულზე ჭორაობას არ ვაპირებ, ვერავინ ვერ იპოვის ასეთ შემთხვევას. მაგრამ ისიც ვთქვი, რომ დღევანდელ დღესთან და ჩვენს მომავალთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ იქნებოდა მწვავედ კრიტიკული- იმიტომ, რომ მომავალზე ვხედავთ ჩვენს ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას. ისიც ვთქვი, რომ არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს ვინ რას ჭორაობს. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ რაღაცა სახელებს დამარქმევენ – იქ მოღალატე, შუბლი, მიშასთან კავშირი და კიდე რაღაცა სისულელეები – ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს ორ რაღაცას, პირველი – რომ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, არანაირი შეზღუდვები ჩვენ – როგორც კარგზე კარგის, და პრობლემურზე და ცუდზე ცუდის თქმის არა გვაქვს და მეორე – ჩვენ ვართ და ვიქნებით მომავალზე და ახალგაზრდებზე ორიენტირებული და ამაში თუ ვინმე შეგვეჯიბრება აგერ ვართ.“ – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ მიანიშნა, რომ სახელმწიფოებრიობის დაზიანების შემთხვევებში მმართველ პარტიას გახარიასგან პასიურობის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს მისთვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო.
,,ყველამ გაითვალისწინოს ერთი რამ – მე ადრეც ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი და ვმუშაობდი იმაზე, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ყოფილიყო ძლიერი, ინსტიტუტები ყოფილიყო ძლიერი. ჩემი ძირითადი მიზანი მაშინაც იყო და დღესაც იქნება ძლიერი ქართული სახელმწიფო და ვიღაცა, რომ ურევს ერთმანეთში სახელმწიფოს და თავის პირად ან პარტიულ ინტერესებს – ეს მათი პრობლემაა.“ – აცხადებს გახარია.
გიორგი გახარიამ დღეს პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისი ქუთაისში გახსნა, პარტიის ქუთაისის მიმართულების ხელმძღვანელად პოლიტსაბჭოს ახალგაზრდა წევრი – გიორგი გოგუაძე წარადგინა და თანაპარტიელებთან ერთად მოსახლეობას ხვდება.