საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ცხადდება 100 მილიონ ლარიანი საგარანტიო აუქციონი, რომლითაც არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩება დაუსრულებელი.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაუსრულებელი მშენებლობები ამახინჯებს არამარტო თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს.
„ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ 100 მილიონი ლარის საგარანტიო აუქციონი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობებს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება, როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე იმისთვის, რომ სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა და მხარი დაგვეჭირა. იმისთვის, რომ თითოეული ქართველი ოჯახისთვის, რომლებსაც გარკვეული დანაზოგები ჰქონდათ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და არ შეშლოდათ მათ ხელი – ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირება, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამასთან ერთად დღეს გამოვიტანთ აუქციონზე 100 მილიონ ლარიან გარანტიას იმისთვის, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2008-2009 წლის კრიზისების პერიოდში და ამ პერიოდში დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები ამახინჯებენ არამარტო დედაქალაქს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც პირველადი შენატანი უკვე გააკეთეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.