როცა ვლაპარაკობთ ნოდარ დუმბაძის სკვერის გადარჩენაზე, გვახვედრებენ „ტიტუშკებს“, „ნასედკებს“, ქალებსაც არ ინდობენ, სცემენ და ფიზიკურად უსწორდებიან პოლიციელების თანდასწრებით,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის კოლეგებთან ერთად პირადად აპირებს ჩოხატაურში ჩასვლას და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა დიპლომატებს მოუწოდა, ჩოხატაურში მომხდარი ინციდენტით დაინტერესდნენ.
„რუსული პარტიის წარმომადგენლებმა და ჩოხატაურის ადგილობრივმა ოლიგარქმა, რომელმაც სხვათა შორის, რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, რუსმა ჩიგოგიძემ გადაწყვიტა, ჩოხატაურის რაიონში გააუქმოს ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი. როცა ამ გადაწყვეტილებას იღებს, ეს არის ჩვენი საზოგადოების, ჩოხატაურელების და გურულების დაცინვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კამპანია წამოიწყო ჩოხატაურში, სადაც ბუკლეტზე ხატია რუსი ოლიგარქი ჩიგოგიძე, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, ასევე ადგილობრივი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. უკან საინფორმაციო მასალაა, რომ ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სკვერს ასხვისებენ. ამ საინფორმაციოო ბუკლეტებს არიგებდა „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ჩოხატაურში, როცა მიაგზავნეს „ნასედკები“, ესენი არ არიან „ზონდერები“. როცა პოლიციელებთან ერთად ფიზიკურად უსწორდები ადამიანებს და პოლიცია არ რეაგირებს, მეტიც გეხმარება. იძალადეს მათ შორის ქალებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეზე. ფიზიკურად გაუსწორდნენ ოზურგეთის პარტიის თავმჯდომარეს დავით მჟავანაძეს, ასევე ჩოხატაურის საკრებულოს წევრს, არჩილ სიხარულიძეს და კიდევ რამდენიმე ჩვენს თანამებრძოლს. ჩიგოგიძის მიგზავნილი „ნასედკები“ პირდაპირ ეთერში ძალადობდნენ. მინდა მოვუწოდო საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატებს, ჩემო ძვირფასებო, როცა 12 პუნქტზე, ჩვენს ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გესმოდეთ, როგორ ხალხთან გვაქვს საქმე“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.