შსს-ს ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან თავდასხმის შედეგად გაუჩინარებული კაცის ცხედარი მდინარე ნაკრაში იპოვეს. საუბარია რუსეთის მოქალაქეზე, რომლის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობდა. მასსა და მის პარტნიორ ქალზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა.
უწყება აცხადებს, რომ დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენეს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და “დანაშაულის დაფარვის მიზნით”, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები და ერთ-ერთ მათგანს, 1986 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ”, – წერია შსს-ს განცხადებაში.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების [სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 19-109-ე და 236-ე] მუხლებით.
დანაშაული 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.