ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის გია კიკაბიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ 39-ე პაციენტს, 60 წლის ქალს სუნთქვის უკმარისობა და დისტრეს სინდრომი აღენიშნებოდა.
60 წლის ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, იგი კლინიკაში 13 სექტემბერს მოათავსეს.
“პაციენტი, 60 წლის ქალბატონი, 13 სექტემბერს შემოვიდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დადგენილი ჰქონდა კოვიდ 19. ეს პაციენტი თავიდან განყოფილებაში მკურნალობდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. დიდი ხნის განმავლობაში, ჟანგბადი მიეწოდებოდა მაღალი წნევით. 24 სექტემბრიდან პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, რადგან განვითარდა პოლიორგანული უკმარისობა, ე. წ. დისტრეს სინდრომი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.
პაციენტს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ტოტალური 95 პროცენტიანი დაზიანება ფილტვის ქსოვილის. დიდი ხნის განმავლობაში ჰორმონებს ღებულობდა, ჭარბი წონა, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, არტერიული გიპერტენზია. განვითარდა სუნთქვის უკმარისობა, დისტრეს სინდრომი და გარდაიცვალა.
რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე გვყავს 23 პაციენტი. 6 მართვით სუნთქვაზეა, კრიტიკულია. შვიდს მაღალი წნევით მიეწოდება ჟანგბადი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმეა, ოღონდ არ გაუარესებულა”, – განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.