მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დაკარგულის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარზე და არაგვზე მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი 7 გასაბერი ნავით.
ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. დრონის საშუალებით მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი. ცოცხალი ძალა მუშაობს როგორც წყალში, ასევე მდინარეების სანაპიროებზე.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნისა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.










