გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით გამოკითხული ადამიანების ჩვენებებში არსებითი ცვლილებებია. როგორც მან თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მათ სახელსა და გვარს არ ასახელებს.
„ფაქტია, მთელი წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის დაენახებინათ, როგორ კარგად მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. თურმე, მოწმეები, რომლებიც დაკითხულები არიან, ვერტმფრენებსაც აფიქსირებდნენ, როგორ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები ვერტმფრენის მონაწილეობით. ასევე, ხედავდნენ, როგორ იყვნენ ჩართული პოლიციის თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობაში. ამავდროულად, ვაწყდები ძალიან ბევრ ისეთ ჩვენებას, რომლებიც წინა ჩვენებების გამყარების მცდელობაა. გარკვეული პირების ჩვენებებში არსებითი ცვლილებებია, გვარებსა და სახელებს არ დავასახელებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის დიდი ცვლილებები ჩვენებებს შორის, რომელიც სულ სხვა რეალურ სურათებს გვანახებს”, – განაცხადა რამიშვილმა.
მისი თქმით, შესაძლოა, მალე დადგინდეს რეალურად ფიგურირებს თუ არა საქმეში შავი ფერის ჯიპი. რამიშვილის თქმით, ის უახლოეს დღეებში ავტომობილის მეპატრონეების იდენტიფიცირებას მოელის. როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი განმარტავს, ის საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალს რამდენიმე დღეში გააჟღერებს.
„მე არათუ ჩვენებები, საკმაოდ ბევრი რამ დავინახე გამოძიებასთან მიმართებით, რის შესახებაც რამდენიმე დღეში ვისაუბრებ. ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი მიდგომა. ასე ხელაღებით არაფრის თქმა და არაფრის გაკეთება არ შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან დიდი სიფრთხილე და ძალიან კარგად გააზრება სჭირდება, რადგან აქ დგას საკითხი – უსამართლობა ან სამართლიანობა. არ შეიძლება ყველაფერზე საუბარი, მარტო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ან მივიღებ სამართლიანობას ან მთელი ცხოვრება უნდა ვიყოთ უსამართლობის წინაშე, ვიღაცის ინტერესებმა არ უნდა იმსხვერპლოს ჩვენი სამართლიანობა”,-განაცხადა რამიშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 – დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.